ირაკლი კობახიძე რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ემუქრება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, არის მოლოდინი, რომ დღეს საპროტესტო აქცია ძალადობრივ ხასიათს შეიძენს, რაზეც სახელმწიფოს უმკაცრესი რეაგირება ექნება. კობახიძემ რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ ათიათასობით ადამიანს პოლიტიკური უმცირესობა უწოდა.
წუხელ, მშვიდობიანი დემონსტრაციის სასტიკად დარბევის ფონზე, დღეს, ირაკლი კობახიძემ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა. კობახიძე შეეცადა დაემტკიცებინა, რომ მშვიდობიანი აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ ძალადობრივი იყო. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური ძალადობა ეფექტურად აღკვეთა.
კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე რუსულ კანონზე დებატების გამართვისკენ ელჩებს კიდევ ერთხელ მოუწოდა. მან საერთაშორისო პარტნიორების მწვავე გზავნილები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა. პრემიერმა იმ ახალგაზრდული ორგანიზაციების დაშინებაც სცადა, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა „ოცნების“ ხელისუფლების რუსულ კანონს აპროტესტებენ.