სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება რუსეთისკენ — ასე აფასებს ოპოზიციის ნაწილი, წუხელ, ბიძინა ივანიშვილის მიერ „ოცნების“ თავყრილობაზე გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებს. ოლიგარქის ოპონენტები ღიად ამბობენ, რომ ივანიშვილმა რეპრესიების დაანონსებით საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ საქართველოს ევროპული გზა, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობა დააყენა. ოპოზიცია პრორუსული ხელისუფლების წინააღმდეგ კოორდინირებული ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრობს.
ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობა კი საპატიო თავმჯდომარის გზავნილებით კმაყოფილია. „ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ გუშინ გამართული სამთავრობო აქციის შემდეგ ქვეყნის შიგნით და გარეთ ქართველი ხალხის სახელით ვეღარავინ ისაუბრებს.
პარლამენტის წინ გამართულ ოცნების შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა. მას, ასევე, არ დაუმალავს, რომ რუსული კანონის მიღება კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გასანადგურებლად სჭირდება. ივანიშვილმა რუსული პროპაგანდისტული გზავნილები ერთი ერთში გაიმეორა და თქვა, რომ ე.წ. „გლობალურმა ომის პარტიამ“ 2008 წელს საქართველო რუსეთთან დააპირისპირა, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენა.
რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი ხალხი „ოცნებას“ დროზე ადრე, ივანიშვილის გამოსვლის დაწყებამდე შემოეცალა, რის გამოც რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული განათებები ჩააქრეს, სამთავრობო მედია კი აქციის სრულ კადრს ეთერში აღარ აჩვენებდა.