რუსული კანონის გასაპროტესტებლად წუხელ თბილისის ქუჩებში ასიათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიებისა და მოქალაქეების ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე დასრულდა. „ოცნების“ კონტრაქციამდე ერთი დღით ადრე, მოქალაქეებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველოში რუსული კანონის დამტკიცებას არ დაუშვებენ.
რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეებმა შეკრება საღამოს 7 საათისთვის დაიწყეს, მოგვიანებით კი შეკრებილებს სიტყვით სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა მიმართეს. მათ შორის იყვნენ, პედაგოგები, ექიმები და მსახიობები. რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციას შეუერთდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი პირებიც.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ათიათასობით ადამიანს მსვლელობით შეუერთდნენ ბაიკერები და კურიერები.
სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. ისმოდა შეძახილები: „არა რუსულ კანონს“, „არა რუსულ მთავრობას“.
აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად პარლამენტს ალყა შემოარტყეს, შემდეგ კი „ოცნების“ კონტრაქციისთვის მოწყობილ სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ასვლა სცადეს. პოლიციამ მშვიდობიან დემონსტრანტებს ამის უფლება არ მისცა და მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
მალევე, ივანიშვილის ხელისუფლებამ ქუჩაში გამოსული ათიათასობით მოქალაქის წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა. რობოკოპები პარლამენტის მარცხენა და მარჯვენა ასასვლელებთან ჩააყენეს. სპეცდანიშნულების რაზმი წყლის ჭავლის მანქანასთან ერთად განლაგებული იყო თავისუფლების მოედანზეც.
წუხელ გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კი „ქართული ოცნება“ დღეს კონტრაქციისთვის ემზადება. ხელისუფლებამ საჯარო მოხელეები რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოიყვანა. მათ შორის არიან, მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლები, ასევე, სკოლებისა და ბაღების პედაგოგები. მათი ნაწილი დაანონსებული აქციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. ამ ფონზე კი „ოცნება“ ამტკიცებს, რომ რუსულ კანონს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს.