ექვსი პროდასავლური ოპოზიციური პარტია აცხადებს რომ უერთდებიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს. ოპოზიციური პარტიები მიმართავენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებსაც, არ დაემორჩილონ რუსული ხელისუფლების მითითებას და არ წავიდნენ 29 აპრილს “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ შეკრებაზე. პარტიების ერთობლივ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ემზადებიან წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის.
“ვაფასებთ სამოქალაქო სექტორის პოზიციას ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარისა და რუსული კანონის გახმობამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ. 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი შეკრება, რომელზეც საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თბილისში ჩამოიყვანენ, არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა, რუსული ხელისუფლების მიერ მათი გამოყენება ჩვენი საერთო ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ცხადი პროვოკაცია იმ გულწრფელი და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რომელთა უწყვეტმა პროტესტმა უკვე ათი დღეა მოიცვა დედაქალაქის ქუჩები. მივმართავთ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს. ჩვენ კარგად გვესმის პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც „ქართული ოცნება“ თქვენს წინააღმდეგ იყენებს. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გააკეთოს ერთადერთი სწორი არჩევანი – არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების მითითებას და ნუ გახდებით ივანიშვილის ფარი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ ბრძოლაში. 29 აპრილს ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანია დაყოს და დააპირისპიროს ქართველი ხალხი, შექმნას ყალბი სურათი, თითქოს რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს განსხვავებული პოზიციის მქონე ორი ბანაკი. ჩვენ კარგად გვესმის საზოგადოების მთლიანობის მნიშვნელობა და არასოდეს დავუშვებთ კრემლის საოცნებო სცენარს ჩვენი ხალხის დაყოფისა და დაპირისპირების შესახებ”, – ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება.
ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე გუშინ მიღებული რეზოლუციის შემდეგ 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ისინი ხელისუფლებასთან ყოველგვარ თანამშრომლობას წყვეტენ, სანამ რუსულ კანონს უკან არ გაიწვევენ. არასამთავრობოები ასევე აცხადებენ, რომ არ დარეგისტრირდებიან “ღირსების შემლახავ რეესტრში.” მათვე დაანონსეს 28 აპრილს, თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ მსვლელობაც.