ევროპარლამენტში გუშინ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას კვლავ ჩალის ფასი აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის. მმართველ გუნდში ამბობენ რომ რეზოლუცია უსაფუძვლო და უარგუმენტოა. განხილვის თემაა რეზოლუციის ტექსტში ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი. “ოცნება” ამტკიცებს, რომ უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება და უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვას ევროკომისიის საბოლოო დასკვნა და ევროკავშირის ყველა ქვეყნის კონსენსუსი სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურა კონსენსუსს არ საჭიროებს და გადაწყვეტილება კვალიფიციური უმრავლესობით მიიღება.
ოპოზიციის განცხადებით, მწვავე რეზოლუციის მიღებით, დადასტურდა, რომ რუსული კანონპროექტი ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ახლა უკვე საფრთხეს უქმნის ვიზალიბერალიზაციის საკითხს.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია გუშინ მიიღო. ამ დოკუმენტით ევროდეპუტატები ევროკომისიისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ, ასევე დაყენებულია პოლიტიკური პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი. ასევე, დეპუტატები ევროკომისიისგან მოითხოვს გადაიხედოს ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაციის პირობები. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ქვეყანა ვერ გადავა მოლაპარაკებების ეტაპზე “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული რუსული კანონის დამტკიცების შემთხვევაში.