130-მდე ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება და 28 აპრილს დაანონსებული აქცია რესპუბლიკის მოედანზე | 25.04.2024

130-მდე ორგანიზაცია რუსული კანონის ხელახლა ინიცირების გამო „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას აჩერებს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ღირსების შემლახავ რეესტრში არცერთ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან. ორგანიზაციები 28 აპრილს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებენ.

“სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია, რომელიც ყველა მოქალაქეს ეხება, კლავს ქართულ დემოკრატიას და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვამბობთ: ა) ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობაზე; ბ) სამუშაო ჯგუფებსა და მრჩეველთა საბჭოებში მუშაობაზე გ) საერთაშორისო თუ სხვა სამუშაო ფორმატებში ხელისუფლებასთან კოორდინაციაზე. საჯარო მოხელეები, მხარს უჭერენ და შრომობენ, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ქართულ ოცნება კი, ამ ხალხს აიძულებს, მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ,  მონაწილეობა მიიღოს 29 აპრილს დაგეგმილ მთავრობის რუსულ მარშში. მთავრობის რუსული მარშით, ხელისუფლება ცდილობს წარსულში დაგვაბრუნოს, მაშინ როცა,  ჩვენი მომავალი ევროპაშია. ხელისუფლება უპირისპირდება შვილებს, მომავალ თაობებს, საჯარო მოხელეებსა და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდამჭერ აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენი და ქართველი ხალხის პასუხი კი არის: არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება.