” უფლება გაქვთ, უარი თქვათ პარტიულ აქციაში მონაწილეობაზე” | 25.04.2024

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საჯარო მოხელეებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ უარი თქვან პარტიულ აქციაში მონაწილეობაზე, რომელსაც ქართული ოცნება 29 აპრილისთვის გეგმავს. ორგანიზაცია გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მზად არის დაიცვას იმ საჯარო მოხელეების უფლებები , ვისაც ოცნების ღონისძიებაში მონაწილეობას აიძულებენ. ორგანიზაციის განმარტებით  ქართული ოცნების ხელმძღვანელი პირების განცხადება იმის შესახებ, რომ 29 აპრილს დაგეგმილ დემონსტრაციაზე ასი ათასზე მეტი ადამიანი იქნება, პირდაპირ აჩვენებს, რომ მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, როგორ მოახდინონ აქციის მონაწილეების მობილიზება.

“საქართველოში საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის პრინციპებს ეყრდნობა. საჯარო მოხელე თავისი საქმიანობისას საჯარო ინტერესით უნდა ხელმძღვანელობდეს.  კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად,  საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს.

უშუალოდ საჯარო მოხელეების პარტიული მიზნებით გამოყენების გარდა, დამატებით, ჩნდება შეკითხვები ტრანსპორტირების და სხვა ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებითაც, რადგან არსებობს რისკი, რომ საერთო სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად განკუთვნილი ადმინისტრაციული რესურსი სამთავრობო დემონსტრაციის ხარჯების დასაფარად, პარტიული მიზნებით იქნება გამოყენებული.

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ მოხელეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს განკარგულების შესრულებაზე, თუ განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას”, – სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება.