ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისმა ციხე პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვა. ლაზარე გრიგორიადისმა შეწყალებისთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა. ის ამბობს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას დღეიდანვე დაიწყებს.
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში ცნო დამნაშავედ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 აპრილსვე განაცხადა, რომ მან ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, პრეზიდენტი შეწყალების აქტს აქამდე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო ვერ გამოსცემდა – მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენის მოსამზადებლად და მხარეებისთვის გადასაცემად მაქსიმალური ვადა, 14 დღე აიღო. შეწყალების აქტი პრეზიდენტმა საბოლოოდ დღეს, 24 აპრილს გამოსცა, მას შემდეგ, რაც ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გრიგორიადისის ადვოკატებს გადასცა.