ევროპარლამენტარები ქართული ოცნების ხელისუფლების იმ წარომადგენლების სანქცირებას ითხოვენ, ვინც საქართველოში რუსული გავლენის გაძლიერებას ცდილობს და დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვის. ევროდეპუტატებმა რუსული კანონის შესახებ წუხელ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ოცნება მწვავედ გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ რუსული კანონით საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვერ გახდება. დებატებზე ევროპარლამენტარების ნაწილმა ბიძინა ივანიშვილის, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების და აქციების დარბევაში მხილებული ძალოვანი უწყების წარმომადგენლების დასანქცირება მოითხოვა.
ევროპარლამენტარების მწვავე კრიტიკას უკვე მოჰყვა შეფასებები საქართველოში. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი დეპუტატები, ასევე, მშვიდობიანი აქციების დარბევაში მონაწილე პირები უახლოეს მომავალში დასანქცირდებიან. ისინი ევროპელი პარტნიორების შეშფოთებას რუსულ კანონთან დაკავშირებით სრულად იზიარებენ.
კრიტიკას ევროპარლამენტიდან თავდასხმით უპასუხა „ქართულმა ოცნებამ“. ივანიშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ ევროპარლამენტარები, რომლებმაც წუხელ რუსული კანონის უკან გაწვევა, ოლიგარქის და მისი გარემოცვის დასანქცირება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს, საქართველოს მეგობრები არ არიან.
ორ დღეში ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ საგანგებო რეზოლუციას მიიღებს. თუმცა, უკვე ცნობილია დოკუმენტის ოთხი პროექტის შინაარსი, რომლის თანახმადაც რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს, გადახედოს საქართველოსთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას. საუბარია ბიძინა ივანიშვილისა და იმ 83 დეპუტატის პერსონალურ დასანქცირებაზეც, რომლებმაც რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირეს. ოლიგარქისა და მისი დეპუტატების დასანქცირებას „ევროპის სახალხო პარტია“ ითხოვს. „რინიუსა“ და „მწვანეების“ რეზოლუციის პროექტებში კი ნათქვამია, რომ სავიზო შეზღუდვები უნდა დაუწესდეს რუსული კანონის მხარდამჭერ 83 დეპუტატს.