საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. ამის შესახებ ბორელმა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბორელის თქმით, საბჭოზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი საქართველოში შექმნილი სიტუაცია იყო. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს რუსული კანონის გამო. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ვალდებულება, როცა 1 წლის წინ უკან გაწვეული რუსული კანონი ისევ უკან დააბრუნა.
“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს. აღნიშნული კანონი პარლამენტში იყო წარდგენილი და საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ ამ კანონპროექტს გაიწვევდა და თავიდან აღარ წარადგენდა. ეს არ შესრულდა. გასულ კვირას მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ განცხადება გავავრცელეთ, რომელშიც ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია. მე ვიმეორებ, ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ აღნიშნული მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარადგინოს. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი პარლამენტში თავიდან წარადგინეს”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.