ლავროვის ქება “ქართული ოცნების” რუსულ კანონს | 19.04.2024

ბიძინა ივანიშვილის რუსულ კანონს იწონებენ კრემლში. ამჯერად, „ოცნების“ მხარდამჭერი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. მან რუსულ რადიოსადგურებთან ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოში ინიციირებული და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოელი აგენტების“ შესახებ ბევრად უფრო რბილია, ვიდრე დასავლურ ქვეყნებში არსებული მსგავსი კანონები. ლავროვმა ივანიშვილის პარტიის რიტორიკა რუსულ კანონთან დაკავშირებით სიტყვასიტყვით გაიმეორა და თქვა, რომ კანონპროექტი მხოლოდ თანხების დეკლარაციის აუცილებლობას მოითხოვს.

“საქართველოში ყველა ამ დემონსტრაციამ სალომე ზურაბიშვილი აქცია სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად, თუმცა კანონი საკმაოდ ლმობიერია. თავად აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში არსებობს კანონები ჯარიმებით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით. თუ ფულს იღებ და ამის შესახებ არ ამბობ, ამ ფულით რაღაცას არასწორად აკეთებ”, – ლავროვი „ოცნების“ რუსულ კანონზე.

ლავროვამდე „ქართული ოცნების“ „რუსული კანონი“ დაიცვეს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა და პუტინის იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა. მათ თქვეს, რომ „საქართველო სწორ გზაზეა“.