კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა – მილერი „ოცნების“ რუსულ კანონზე | 18.04.2024

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ უერთდება ევროპელ მოკავშირეებს მოწოდებაში, რომ საქართველომ არ მიიღოს ეს კანონი. მისი თქმით, თუ კანონის მიზანია გამჭვირვალობის გაზრდა, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა ამისთვის შეუსაბამოა.

“ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონპროექტის დაინიცირების გამო. როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ჩვენ ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს – ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას.
საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ემსახურება თავის მოქალაქეებს და მუშაობს საქართველოს ეკონომიკის გასაუმჯობესებლად. მიღების შემთხვევაში შემოთავაზებულმა კანონმა შეიძლება შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზირება მოახდინოს ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ მუშაობენ და შეაფერხოს დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები, რომლებიც ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციას აწვდიან. კრემლის მიერ შთაგონებული ასეთი კანონი არის უადგილო, თუ მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი შეკრების უფლება”, – სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება.