“ოცნების მიერ რუსული კანონის მიღებას საერთაშორისო პარტნიორების უმწვავესი შეფასებები მოჰყვა | 17.04.2024

ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას საერთაშორისო პარტნიორების უმწვავესი შეფასებები მოყვა. რუსულ კანონთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ჯოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ „ოცნების“ რუსული კანონი საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის.

“მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს – ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს”, – ჯოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის განცხადება.

“საქართველოში პროევროპული დემონსტრაციების ყურებისას, რომლებიც „უცხოელი აგენტების“ კანონს ეწინააღმდეგებიან, რაც მეტწილად რეპრესიულ რუსულ კანონმდებლობას აკოპირებს, უფრო და უფრო იქმნება შთაბეჭდილება, რომ უცხოური ინტერესების რეალური „აგენტები“ უფრო მეტად სხედან მმართველ პარტიაში, ვიდრე გამიზნულ არასამთავრობო ორგანიზაციებში”, – ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი.

“საქართველო რუსეთის მარიონეტული მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. „ქართული ოცნების“ შესახებ „ქართული კოკუსის“ ჩემი თავმჯდომარეობის დროიდან ბევრი ამბავი მაქვს. მათ რუსეთი უყვართ”, – ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი.