“ქართული ოცნების” რუსული კანონი – ხმაური, დაპირისპირება, მწვავე განცხადებები სესიაზე | 17.04.2024

83 ხმით, 0-ის წინააღმდეგ – მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ, ოპოზიციის, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე, რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მეორედ მიიღო. პირველად, რუსული კანონპროექტი მმართველმა პარტიამ გასულ წელს, 2023 წლის მარტში მიიღო, თუმცა მასობრივი პროტესტის შემდეგ მეორე მოსმენისას კანონპროექტი ჩააგდეს. ამის შემდეგ ხელისუფლებამ პირობა დადო რომ ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ. თუმცა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგივე კანონი, შეცვლილი სახელწოდებით კვლავ დააინიციირეს.

კენჭისყრის დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი არ იმყოფებოდა. კენჭისყრის დროს “ოცნებასთან” ერთად, სხდომათა დარბაზში მხოლოდ – “ხალხის ძალისა” და ევროპელი სოციალისტების დეპუტატები ისხდნენ.

კენჭისყრამდე ქართული ოცნების რუსული კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ოპოზიციონერი დეპუტატებს უმრავლესობის წევრები სიტყვით გამოსვლას შეძახილებით აწყვეტინებდნენ.

ოპოზიციის ნაწილმა პლენარული სხდომა კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვა. ოპოზიციონერთა ნაწილი კი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ცვლილებები „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავე დროს, ცვლილებებით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია სოლიდური ფულადი სანქცია.