ბიძინა ივანიშვილის რუსული კანონის წინააღმდეგ თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან. დილიდან საქართველოს ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებებს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ავრცელებენ. ბუდუ ზივზივაძე, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და ის ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოს რამდენიმე კვირის წინ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანეს, სოციალურ ქსელებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე წერენ. რუსული კანონის წინააღმდეგ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლებიც ერთიანდებიან.
“არა რუსეთს. საქართველოს გზა ევროპაშია. პ.ს. მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას!” – ბუდუ ზივზივაძე.
“საქართველოს გზა ევროპაშია! ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს”, – ხვიჩა კვარაცხელია.
“მტკივნეულია იმის ყურება თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღესაც უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის”, – UFC-ს ჩემპიონი ილია თოფურია.
“არ არსებობს შემთხვევა, როცა ისტორიის რომელიმე მონაკვეთში, რუსეთი ისეთ გადაწყვეტილებაში გვიჭერდა მხარს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის იყო სასარგებლო. ამიტომ, არა ამ კანონს და არა ყველა იმ ინიციატივას, რომელიც გვაშორებს ჩვენ მთავარ მიზანს და საფრთხეს უქმნის ჩვენ მომავალს”, – შოთა არველაძე.
“ჩემთვის და ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი როდესაც ჩვენი საქმით ერს ვაბედნიერებთ და ვაერთიანებთ. ამის უდიდესი მაგალითი ცოტა ხნის წინ დინამო არენაზე ვიხილეთ. სამწუხაროა, როდესაც რამდენიმე ნაწილად გახლეჩილ, დანაწევრებულ ერს ვხედავ. ძალიან მწყდება გული, რომ ამის აღმოსაფხვრელად ბევრის არაფრის გაკეთება შემიძლია გარდა იმისა, რომ ვიმედოვნო – როგორც ჩვენი საქმით, ისე სიტყვით გავერთიანდეთ და ყველანი ერთად, არავის გამოკლებით, წინ, ერთად ევროპისკენ!” – საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია.
“მინდა გამოვეხმაურო ჩვენს სამშობლოში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს და დავაფიქსირო ჩემი აზრი. საქართველო არის უნდა იყოს ევროპული ოჯახისა და ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი”, – UFC-ს მებრძოლი მერაბ დვალიშვილი.