რუსული კანონის წინააღმდეგ დასავლეთიდან კრიტიკა არ წყდება | 16.04.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ დასავლეთიდან კრიტიკა არ წყდება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. პრესსპიკერი მეთიუ მილერი პირდაპირ ამბობს, რომ „ოცნების“ რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოაშორებს.

“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ზიანს მიაყენებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, ხელს შეუშლის, მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე”, – აშშ-ის სახდეპი რუსულ კანონზე.

„ქართული ოცნების“ რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს ევროპარლამენტარებიც ავრცელებენ. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული კანონის ხელახალი ინიცირების უკან ოლიგარქი ივანიშვილი და კრემლში მისი უფროსები დგანან.

“ევროპარლამენტის პოზიცია „ქართული ოცნების“ რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში”, – ვიოლა ფონ კრამონი რუსულ კანონზე.

“ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის რეალური საფრთხე დასავლეთიდან კი არა, სხვა კონკრეტული მიმართულებიდან მოდის. გასაგებია, რატომ დგას ამდენი ხალხი „უცხო ქვეყნის აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არ არის მიმართული ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის წინააღმდეგ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შესაძლოა ქვეყანა ევროატლანტიკურ გზიდან გადაიყვანოს”, – ანა ფოტიგა რუსულ კანონზე.

რუსული კანონის გარშემო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება წარმოშობით ქართველი მწერალი ბორის აკუნინი, იგივე გრიგორი ჩხარტიშვილი. აკუნინი რუსეთში პუტინის ხელისუფლებამ „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა და „ექსტრემისტების და ტერორისტების“ რეესტრში შეიყვანა. მან რუსეთი 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა. ბორის აკუნინი, რომელმაც რუსული კანონის შედეგები თავად გამოსცადა, ქართველებს მოუწოდებს, „ოცნებას“ ამ კანონის მიღების შესაძლებლობა არ მისცენ.

“საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. დავიბადე საქართველოში, მყავს ბევრი ნათესავი და მეგობარი და მაწუხებს, როცა ვხედავ დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც იმავე ფერდობზე მოსრიალებს, საიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა. ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან პრესის, არამედ პუტინიზმის გეშინოდეთ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს შენს სახლში დამკვიდრებას – შენივე ხელისუფლების ინიციატივით… ჩვენ ეს ვიცით, გავიარეთ. ჯერ „უცხოური აგენტები“, შემდეგ „მეხუთე კოლონა“, შემდეგ „ტერორისტები და ექსტრემისტები“ და შემდეგ საქართველოს არ ეყოლება მეგობრები პუტინის რუსეთის გარდა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ. ქართველებო, არ მისცეთ ამის გაკეთების უფლება. დაიცავით თქვენი თავისუფლება”, – ბორის აკუნინი რუსულ კანონზე.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მიღება, თავდაპირველად, 2023 წლის მარტში სცადა. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე პროტესტი მოჰყვა. 7 და 8 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოიყენებით დაარბია. პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია. მაშინ „ოცნების“ ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ, რადგან ამას შესაძლოა მათთვისვე მძიმე შედეგები მოეტანა. თუმცა მმართველმა გუნდმა პირობა არ შეასრულა. რუსული კანონის ხელახლა ინიცირების შემდეგ პირველი ფართომასშტაბიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე წუხელ გაიმართა. გუშინ თორმეტსაათიანი სხდომის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.