“ძირს უთხრის დემოკრატიას” – სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის რუსულ კანონზე | 12.04.2024

სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის, რომელიც მშვიდობის მშენებლობის საკითხზე მომუშავე 60-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ ექსპერტს აერთიანებს, გმობს „ქართული ოცნების“ მიერ, ქართველი ხალხისთვის არაერთხელ მიცემული დაპირების დარღვევით, ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახლა ინიციირებას. მათი შეფასებით კანონის მიღება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო მშვიდობას, მათ შორის აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან არსებულ საკომუნიკაციო არხებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ითხოვს ინიციირებული კანონპროექტის გაწვევას.

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი ძირს უთხრის ხალხის მიერ არჩეული ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და დემოკრატიას. ასევე, კანონის მიღება მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო მშვიდობას, გამოიწვევს საზოგადოების გახლეჩას და შეზღუდავს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას.
სამოქალაქო პლატფორმას მშვიდობისთვის, მის წევრ ორგანიზაციებს და ექსპერტებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კონფლიქტებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებასა და ნდობის აღდგენაში, ასევე გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დახმარების საქმეში, რაც არა უცხო ძალის, არამედ უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხისა და სამშვიდობო პოლიტიკის ინტერესებს ემსახურება. ყველა მოქმედება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ღიად და გამჭვირვალედ, ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებენ, სწორედ საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით, ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით არის შესაძლებელი”, – სამოქალაქო პლატფორმა მშვიდობისთვის განცხადება.