ირაკლი კობახიძე გერმანიაში – რა გზავნილებს ატანს ოლაფ შოლცი პრემიერს “ქართულ ოცნებასთან” | 12.04.2024

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, რომ გაითვალისწინოს ევროკავშირისა და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკული პოზიცია და არ მიიღოს ე.წ. რუსული კანონი. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა თქვა, რომ იმედი ჰქონდა, საქართველოში ეს კანონი დღის წესრიგში აღარ დადგებოდა. გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ იმ კანონის მსგავსი, რომლის მიღებასაც საქართველოში “ქართული ოცნება” უკვე მეორედ ცდილობს, არ მოქმედებს ევროკავშირში.

ოლაფ შოლცმა გაიხსენა, რომ გერმანიამ მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას 2023 წელს. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია მუშაობა იმაზე, რომ საქართველომ დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით თქვა, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი.

“ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს. მას შემდეგ, რაც ამ კანონპროექტის მიღება შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ის კიდევ ერთხელ დღის წესრიგში აღარ დადგებოდა. კანონპროექტი არ შეცვლილა, ფაქტობრივად იგივეა, რაც შარშან იყო. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენი და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას და არ მიიღებს ამ კანონს. ჩვენ საუბარში [ირაკლი კობახიძესთან] კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას, ასევე ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოების განვითარებისათვის”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ირაკლი კობახიძემ გერმანიის კაცლერის პასუხად “აგენტების კანონის” აუცილებლობაზე ისაუბრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ოლაფ შოლცთან ერთობლივ ბრიფინგზე, განაცხადა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. მისი თქმით, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. ოლაფ შოლცთან შეხვედრის გარდა დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრები, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.