ახალგაზრდების პროტესტის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ სტუდენტებთან პირისპირ შეხვედრა გადაწყვიტა | 11.04.2024

მას შემდეგ, რაც რუსულ კანონთან დაკავშირებით ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, „ოცნებამ“ მათთან პირისპირი შეხვედრების გადაწყვეტილება მიიღო. რუსულ კანონზე სასაუბროდ დღეს პარლამენტში მამუკა მდინარაძემ სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებს უმასპინძლა და შეეცადა მათთვის დაემტკიცებინა, რომ რუსული კანონი რუსული არ არის. უმრავლესობის ლიდერი შეხვედრით კმაყოფილია. მისი თქმით, ახალგაზრდების ინიციატივით კანონპროექტის ტექსტში ორ ტექნიკურ შესწორებასაც შეიტანენ.

პოლიტიკურ თემაზე მდინარაძესთან სასაუბროდ მისული სტუდენტები ჟურნალისტებს უმტკიცებდნენ, რომ აპოლიტიკურები არიან და კომენტარზე უარს ამ მიზეზით ამბობდნენ. მედიასთან მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი გამოიყვანეს. ისინი, რომლებმაც რუსულ კანონთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის მისაღები განცხადებები გაააკეთეს.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება დეზინფორმაციული კამპანიით ახალგაზრდებს ვერ მოატყუებს. მათი თქმით, ივანიშვილის პარტია ახლა შეშინებულია, რადგან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების სათავეში სწორედ სტუდენტები დგანან.

პარლამენტში, მდინარაძის შეხვედრა სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან ორ საათს გაგრძელდა.