დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია ქუჩაში ბანერების გაკვრაზე ნებართვას არ გასცემს. საუბარია რუსული კანონის სარეკლამო ბროშურებზე, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში გუშინ დილიდან გამოჩნდა. მერის თქმით, ყველა კანონდამრღვევი კანონის შესაბამისად დაჯარიმდება. კახა კალაძე დედაქალაქის ქუჩებში განთავსებულ ბანერებზე კომენტირებისას აცხადებს, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, “როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან”.
თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი აცხადებს, რომ უწყებაში დაიწყო მოკვლევა იმ პირთა გამოსავლენად, ვინც უნებართვოდ გააკრა პლაკატები.
მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” წევრებსა და საჯარო მოხელეებს ფეისბუქმა რუსული კანონის მხარდამჭერი პოსტები დეზინფორმაციად მოუნიშნა, ზუსტად იმავე ვიზუალითა და შინაარსით, პროპაგანდისტული ბანერები უკვე არაერთი ქალაქის ქუჩებში გამოაკრეს. პლაკატების გაკვრის შემდეგ მოქალაქეთა ნაწილმა, რომელიც რუსული კანონის მიღებას აპროტესტებს, ბროშურების ჩამოხევა დაიწყო.