როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი ნეიტრალური ვერ იქნება! – სალომე ზურაბიშვილი | 10.04.2024

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რუსული კანონის შედეგები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ხელმეორედ ინიციირებულ რუსულ კანონს ქვეყნისათვის გამოწვევა უწოდა და თქვა, რომ კანონის მიღება გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე. პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესი და ის იზიარებს ევროკავშირის ღირებულებებს.

’’როცა საკითხი ეხება ევროპასა და რუსეთს შორის არჩევანს, პრეზიდენტი აქ ნეიტრალური ვერ იქნება!’’ – განაცხადა შეხვედრაზე ზურაბიშივლმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხზე და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული რიტორიკა მიუღებელია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელმა დელფინ პრონკმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ღირებულებების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისათვის და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება მიულოცა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასაც, ევროკავშირის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა.