ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილი დღეს რუსული კანონის საფრთხეებზე მსჯელობისთვის შეიკრიბა. მათი შეფასებით „რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კონსოლიდაცია და უწყვეტი საპროტესტო აქციებია.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსული კანონი ანტისახელმწიფოებრივია და ქვეყნის ევროინტეგრაციას აზიანებს.
უმრავლესობის წევრები განმარტავენ, რომ პროექტში არ არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი სანქციები და დეკლარაციის არ წარდგენის შემთხვევაში, ორგანიზაციას მხოლოდ ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს.
„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ. მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. ოცნების მიერ შემუშავებული პროექტი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ორგანიზაცია ვალდებული იქნება შესაბამის ბაზაში დარეგისტრირდეს და ყოველწლიურად საფინანსო დეკლარაცია შეავსოს. ეს კანონპროექტი 2023 წლის მარტში მასობრივი პროტესტის შემდეგ “ოცნებამ” უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასოდეს დაუბრუნდებოდა.