“ქართული ოცნების” რუსულ კანონს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს | 08.04.2024

საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მეორედ ინიცირებული რუსული კანონის მოსალოდნელი შედეგები და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის ელჩები და საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია – ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა! პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოხატეს ინიცირებული კანონპროექტის მიმართ და განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.