“ოცნებამ“ რუსული კანონი დაპირისპირების ფონზე წარადგინა და დაარეგისტრირა – ხმაური ბიუროზე | 08.04.2024

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი ბიუროს სხდომაზე დაპირისპირების ფონზე წარადგინა და დაარეგისტრირა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს რატომ არის „ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი რუსული. მათი თქმით, ევროპული ქვეყნები „გამჭვირვალობის“ შესახებ მიღებული კანონებით საფრთხედ რუსეთს ასახელებენ. „ქართული ოცნების“ რუსული კანონი კი მტრად დასავლეთს აცხადებს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იკითხეს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საბოტაჟზე. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ „ქართული ოცნების“ რუსული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეუძლებელი გახდება.

სადავო კანონპროექტის ავტორები დღეს ისევ ამტკიცებდნენ, რომ რუსული კანონი რუსული არ არის. ოპოზიციონერ კოლეგებს სიტყვით გამოსვლას ხშირად აწყვეტინებდნენ უმრავლესობის წევრები: ნინო წილოსანი, ეკა სეფაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი. ივანიშვილის პარტიის წევრები ამბობდნენ, რომ რუსული კანონის მიზანი მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობაა.

რუსული კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომლებიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ. ასეთი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, უცხოეთის გავლენის გამტარად სპეციალურ ბაზაში დარეგისტრირდეს და ყოველწლიურად საფინანსო დეკლარაცია შეავსოს. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის შეუვსებლობა 25 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.