„კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს!“ – 400-ზე მეტი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის განცხადება | 08.04.2024

„კი — ევროპას, არა — რუსულ კანონს!“ — 400-ზე მეტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას საერთო განცხადებით ეხმაურება. ხელმომწერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება სადავო კანონპროექტის რეინიცირებით საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ ილაშქრებს და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ჩახშობას ცდილობს. 400-ზე მეტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ივანიშვილის პარტიას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონს. „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმარებით ხალხს. ამ რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მეცნიერებს, მშრომელებსა და ახალგაზრდებს; შეუწყვეტს დახმარებას სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ მამაც ადამიანებს. ხელისუფლებას სურს, არ გაშუქდეს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს”, – 400-ზე მეტი ორგანიზაცია რუსულ კანონზე.

განცხადებაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება“ რუსული კანონპროექტის ხელახალი ინიცირებით იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს პასუხობს, რომლებიც ხელისუფლებას უკანონობაში ამხელენ.

“ეს და ამ კვირაში ინიციირებული მტრული კანონები მიზნად ისახავს მოსახლეობის გახლეჩას, ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას და სიტყვის თავისუფლების გაუქმებას. ეს არის ხელისუფლების პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვამხელთ და ვასაჯაროებთ. რუსული კანონის ავტორიტარულ ხასიათსა და დემოკრატიასთან შეუსაბამობაზე განაცხადეს ევროკავშირის, გაეროს, ნატოს, ეუთოს, აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა, შარშან კანონის გაწვევის შემდეგ კი ღიად მიულოცეს ქართველ ხალხს დიდი გამარჯვება. ეს კანონი სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ავტორიტარული ინსტრუმენტია. მისი მიღება შეუძლებელს გახდის წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას. ხელისუფლება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს”, – 400-ზე მეტი ორგანიზაცია რუსულ კანონზე.