„ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დგას“ — ევროპის 12 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები | 05.04.2024

ევროპის 12 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ. კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებაში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ პუტინის რუსეთის სტილის კანონის შინაარსის გამო და მას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ მტრულ ნაბიჯად აფასებენ. განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.

“კანონი მიზნად ისახავს დააზიანოს და დაასუსტოს საქართველოს ცოცხალი, პრო-ევროპული სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ფართოდაა ცნობილი საქართველოს უდიდეს სიძლიერედ, იმედად და სარგებლობს მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალეს სტატუსით ბიუჯეტისა და დაფინანსების კუთხით. იმის გათვალისწინებით, რომ ამ კანონის ხელახალი შემოღება ძირს უთხრის საქართველოს ბრძოლით მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსს, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება არის დემოკრატიის საფუძველი და გადამწყვეტად მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის. აღვიქვამთ ამ კანონს, როგორც მტრულ ნაბიჯს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის მიმართ და გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას მის გამო. ვიხსენებთ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ იგი გადადგამს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს, რათა გააგრძელოს წინსვლა გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად, და რომ საქართველომ ამ რეკომენდაციებიდან დღემდე მხოლოდ 3 შეასრულა. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზე დგას”, – ევროპის 12 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტები.