რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზის ღალატია – 7 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება | 05.04.2024

რუსული კანონის წინააღმდეგ შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. პოლიტიკური პარტიები: „ახალი“; „გირჩი – მეტი თავისუფლება“; „დროა“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ლელო საქართველოსთვის“; „რესპუბლიკური პარტია“; და „სტრატეგია აღმაშენებელი“ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის გატეხვად და ახალგაზრდების აბუჩად აგდებად აფასებენ. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, დღეს „ქართული ოცნების“ ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ძალაუფლებისა და ანტისახელმწიფოებრივი, კორუფციული ქმედებებით მოხვეჭილი ქონების შენარჩუნება.

“რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზის ღალატია. ჩვენ, ქართული პროდასავლური პოლიტიკური ძალები, ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის რეინიცირებას. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის მიცემული სიტყვის კიდევ ერთხელ გატეხა და იმ ახალგაზრდების აბუჩად აგდება, რომლებმაც ერთი წლის წინ დაიცვეს ჩვენი ისტორიული არჩევანი და ამით ჩვენს სამშობლოს შეუნარჩუნეს შანსი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. დღეს „ქართული ოცნების“ ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ძალაუფლებისა და ანტისახელმწიფოებრივი, კორუფციული ქმედებებით მოხვეჭილი ქონების შენარჩუნება. მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად იქცა სიღარიბის, კორუფციის, ფასების კატასტროფული ზრდის და ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების მთავარ მიზეზად, ივანიშვილი ცდილობს, პუტინის სტილში ჩაახშოს კრიტიკული ხმა და მოგუდოს თავისუფალი საზოგადოება. მმართველი ძალა სრულად დაიცალა ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისგან. ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიციირებული რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ასცდება ევროპულ გზას და საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ევროკავშირის წევრობით გარანტირებული უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის კარი კიდევ დიდი ხნით დაიკეტება. ახლა, როგორც არასდროს, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის უმთავრეს პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ, დემოკრატიულ მმართველობას და გახდება საქართველოს ევროპის ოჯახში დაბრუნების გარანტია”, – 7 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი განცხადება.