ოთხი მოსამართლე წინააღმდეგია, მათი ქონებრივი მდგომარეობა ანტიკორუფციულმა ბიურომ შეამოწმოს | 05.04.2024

ოთხი მოსამართლე წინააღმდეგია, მათი ქონებრივი მდგომარეობა ანტიკორუფციულმა ბიურომ შეამოწმოს. მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ, სერგო მეთოფიშვილმა და ვასილ მშვენიერაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს, გაუქმდეს ის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, დამოუკიდებელმა კომისიამ ისინი შესამოწმებლად 300 საჯარო მოხელეს შორის შეარჩია. ამ ოთხი მოსამართლის საჩივრის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების პროცესი გააჩერა. დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ოთხი მოსამართლე მათი დეკლარაციების შემოწმებაზე მიღებული დოკუმენტის ბათილად ცნობას ითხოვს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქვეყნებს.

“მოსამართლეებმა, ლიელა ფოლადიშვილმა, ვალერიანე ფილიშვილმა, ნინო ბუაჩიძემ და ლელა მილდენბერგერმა შეაჩერეს ჩინჩალაძის, მურუსიძის, მეთოფიშვილისა და მშვენიერაძის დეკლარაციების შემოწმება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური და პროფესიული პოზიციების მქონე შერჩეული 300 თანამდებობის პირიდან, მხოლოდ მოსამართლეებმა მოითხოვეს მათი ქონების შემოწმების პროცესის შეჩერება. მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებენ საქართველოს სახელით, ხოლო მართლმსაჯულება კორუფციისადმი მოწყვლადი ერთერთი სექტორია. ამასთანავე, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის შემოსავლების განსაკუთრებული გულისხმიერებით შესწავლის საჭიროებაზე მიუთითებს საჯაროდ ხელმისაწვდომი არაერთი ინფორმაცია. კეთილსინდისიერ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შემოწმების მიმართ. ხოლო მოსამართლეების მიერ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შემოწმების დაბრკოლება სწორედაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის სანდოობაზე. მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს გაასაჯაროოს მოსამართლეთა მიერ შეტანილი სარჩელები, ისევე როგორც სასამართლოს მიერ მიღებული შუალედური აქტები და საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია განხილულ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს სასამართლოსადმი ნდობას”, – IDFI – ის განცხადება.

ორგანიზაციის განცხადებით, ამ მოსამართლეთა შორის არიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის“ სანქცირებული ორი მოსამართლე — მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

მიხეილ ჩინჩალაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე; ლევან მურუსიძე კი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა; ხოლო სერგო მეთოფიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარე.

IDFI-ის განცხადებით, 2024 წლის 12 იანვარს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 300 თანამდებობის პირი, მათ შორის, 27 მოსამართლე, რომელთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაც 2024 წელს უნდა შემოწმდეს.