დასავლეთი „ოცნების“ რუსული კანონის წინააღმდეგ — საქართველო შესაძლოა ევროპულ გზას ჩამოშორდეს | 05.04.2024

უკვე რამდენიმე დღეა „ქართული ოცნების“ რუსული კანონის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა არ წყდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკვე მესამე განცხადებას ავრცელებს. ტექსტში ვკითხულობთ, რომ რუსული კანონი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რამაც შესაძლოა საქართველო ევროპული გზიდან ჩამოაშოროს.

“ჩვენ ღრმად ვართ შეფოთებულები საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით, რომელიც ეფუძნება გასული წლის „უცხოური აგენტების“ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობას საქართველოს მოქალაქეებისთვის საყოველთაო სიკეთე მოაქვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. ეს [კანონპროექტი] ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს საქართველოს ჩამოშორებას ევროპული გზიდან. ჩვენ ეს შეშფოთება ნათლად ავუხსენით საქართველოს მთავრობას”, – აშშ-ის სახდეპი რუსულ კანონზე.

ამ განცხადებამდე რუსული კანონის პარლამენტში ინიცირებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერიც გამოეხმაურა. მეთიუ მილერმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოაშორებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა. რუსული კანონის წინააღმდეგ შეფასებებს ევროპარლამენტარებიც აკეთებენ.

“ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს”, – აშშ-ის სახდეპის სპიკერი მეთიუ მილერი.

“საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, იმის გაგებით, რომ ეს გააუმჯობესებდა პირობებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს, ისწრაფვის შემოიღოს პუტინის სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც კრიტიკოსების გაჩუმების ინსტრუმენტია”,- Human Rights Watch-ის ყოფილი ხელმძღვანელი, კენეტ როტი.

რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები. კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა რუსული კანონპროექტის დაბრუნების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ხელისუფლებას პარლამენტის დღის წესრიგიდან მისი ამოღებისკენ მოუწოდებენ.

“უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოტანა, რომლის შარშან გატანასაც ჩვენ თბილად მივესალმეთ, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ის, რაც ჩვენ ამ კანონის პირველად შემოღებისას ვთქვით, ამ წინადადებაზეც ძალაში რჩება – არსებობს სერიოზული კითხვები კანონპროექტის შესაბამისობაში მოყვანასთან დაკავშირებით ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და ნორმებთან. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ამოიღონ ეს პროექტი პარლამენტის დღის წესრიგიდან”,- PACE-ს თანამომხსენებლები.

„ოცნების“ მიერ რუსული კანონის მეორედ ინიცირებასთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებები. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროატლანტიკურ გზას ძირს უთხრის.

„ქართული ოცნების“ განცხადება „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. EU მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაატარონ რეფორმები ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, რასაც მხარს უჭერს მისი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა”, – შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსული კანონის შესახებ უარყოფით პოზიციას აფიქსირებენ ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებიც. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი იმ საფრთხეებზე წერს, რომელიც კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში საქართველოს დაემუქრება.

“ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიტანოს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, როგორც „გარე ძალის ინტერესებში მოქმედი ორგანიზაციები“. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას”, – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი.

“საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონპროექტის რეინიცირება, რომელიც მედიასაშუალებებს ანიჭებს იარლიყს უცხოური კონტროლის შესახებ, ღრმად შემაშფოთებელია და სრულიად შეუთავსებელია მათ განაცხადთან ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე. ეს საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს კანონი და უარი თქვას „საგარეო აგენტების“ კანონმდებლობაზე, თუ საქართველოს სურს წარმატების მიღწევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”, – ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ).

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მიღება, თავდაპირველად, 2023 წლის მარტში სცადა. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე პროტესტი მოჰყვა. 7 და 8 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები ივანიშვილის ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოიყენებით დაარბია. პროტესტის შემდეგ, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია. მაშინ მმართველი გუნდის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ, რადგან ამას შესაძლოა ხელისუფლებისთვის უმძიმესი შედეგები მოეტანა. თუმცა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებიდან 1 წლისთავზე „ქართულმა ოცნებამ“ სადავო კანონპროექტი პარლამენტში ისევ დააინიცირა.