ხმაურიანი პროექტის განხილვა პარლამენტში — „გირჩმა“ და „ოცნებამ“ სავალდებულო გენდერული კვოტა გააუქმეს | 04.04.2024

პარლამენტმა „გირჩის“ პროექტს გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. ინიციატივას 82 მომხრე და 14 წინააღმდეგი ჰყავდა. პროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სესიაზე ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატები და პროექტის ავტორები დაუპირისპირდნენ. პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს მიაჩნიათ, რომ კვოტების გაუქმება ქალების პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის წინააღმდეგ არის მიმართული. დეპუტატების ნაწილმა პარტია „გირჩი“ „ქართულ ოცნების“ მოკავშირედ გამოაცხადა.

„ოცნებისა“ და „გირჩის“ დეპუტატებისთვის ნარკოლოგიური ტესტის ჩატარება მოითხოვა “ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, ამის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც წუხელ ბექა ოდიშარიამ ქალი დეპუტატები გაუგონარი სიტყვებით მოიხსენია. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ქალების წინააღმდეგ „გირჩის“ წევრების შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც გააკრიტიკეს.

ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკას „გირჩის“ დეპუტატებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ სხდომაზევე უპასუხეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ქალთა უფლებების ნამდვილი დამცველები თავად არიან და ეს პროექტი სწორედ ქალების მიმართ უპატივცემულობის დასრულებას ემსახურება.

„გირჩის“ წევრებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, “საარჩევნო კოდექსში” სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება. ინიციატივას მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, სანაცვლოდ კი „გირჩმა“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს ხმა ხელისუფლებისთვის მისაღებ კანდიდატს უნდა მისცეს.