“ოცნებამ მიიღო ახალი ინსტრუქცია კრემლში- საერთაშორისო გამოხმაურებები რუსულ კანონზე | 04.04.2024

ამერიკელი სენატორები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, უარი თქვას „რუსული სტილის“ კანონზე. რესპუბლიკელი ჯიმ რიში და დემოკრატი ჯინ შაჰინი, ერთობლივ განცხადებაში წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელს უწოდებენ საქართველოს მთავრობის მიერ „უცხოეთის აგენტების“ კანონის დაბრუნებას და მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყნის შემდგომ გაყოფას გამოიწვევს. სენატორებმა განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც ცნობილი გახდა რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ პარლამენტში მეორედ წარადგინა „რუსული სტილის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ“.

“წარმოუდგენლად იმედგამაცრუებელია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის უკან დაბრუნება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ყოფს ქვეყანას. ის მსგავსია იმ კანონებისა, რომლებსაც რუსეთი იყენებს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად. საქართველოში დემოკრატიულ ხელისუფლებას ამის მიზეზი არ უნდა ჰქონდეს. ქართველმა ხალხმა 2023 წლის მარტში მასობრივი დემონსტრაციებით უარყო ეს შემოთავაზებული კანონი. ამ კანონპროექტს არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესი მიჰყავს არასწორი მიმართულებით, არამედ ის დააზიანებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციასა და მის მომავალს ევროკავშირში. ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის გადამწყვეტი ინდიკატორი იქნება. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უარყოს ეს წინადადება”, – სენატორების ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინის ერთობლივი განცხადება.

“ევროკავშირი შეგახსენებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გასული წლის საჯარო დაპირებას, ასეთი კანონპროექტის „უპირობოდ გაწვევის“ შესახებ. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ის კვლავ განიხილება 2023 წლის მარტში საზოგადოების და საერთაშორისო მძაფრი რეაქციის მიუხედავად. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის. ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმებოდა. ნაბიჯი 9 მოიცავს რეკომენდაციას, რომ საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მუშაობა უზრუნველყოს და ნაბიჯი 1 მოუწოდებს საქართველოს ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას ებრძოლოს. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ და საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ მიზანს შეესაბამება”, – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრეს-სპიკერის განცხადება.