აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია პარლამენტთან მემორანდუმს აჩერებს | 04.04.2024

აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა მმართველი გუნდის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის დაბრუნების გამო საქართველოს პარლამენტთან გაფორმებულ მემორანდუმს აჩერებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ანტიევროპულ რუსულ ნაბიჯებს. საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოების წინაშე დადებული პირობა გატეხა. ორგანიზაციები მოითხოვენ, “შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი და ქართულმა ოცნებამ ისევ უკან გაიწვიოს კანონპროექტი”. პლატფორმა განცხადებით ქვეყნის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

“აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილნი ვართ მმართველი პარტიის მიერ საზოგადოებისწინაშე დადებული პირობის გატეხვით – აღარ დაბრუნებოდა ე.წ. “აგენტების შესახებ” კანონს. მმართველი გუნდის მიერ კანონპროექტის ხელახალი ინიცირება სახელმწიფო ინტერესებთან, კულტურასთან და ქართულ ტრადიციებთან შეუთავსებელია. პირობის გატეხვა, სიტყვის უკან წაღება არის რუსეთის პოლიტიკის მახასიათებელი, რომელსაც რუსეთი, ცივილიზებული მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ არაერთგზის იყენებდა. ამით საქართველოს და მის თითოეულ მოქლაქეს ადგება რეპუტაციული ზიანი. კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას და მისი მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლას ჩვენ, როგორც ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები დღემდე საქართველოს პარლამენტთან დიალოგითაც ვცდილობდით. სწორედ ამ მიზნით გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მაგალითი. მაგრამ დღეს ,,ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის ინიცირება გვიჭრის გზას, როგორც თანამშრომლობისკენ, ისე ევროინტეგრაციისკენ. საქართველოს ეროვნული პლატფორმა აჩერებს მემორანდუმის მოქმედებას. მოვითხოვთ, შეწყდეს საქართველოს დასავლური სვლის საბოტაჟი. მმართველმა გუნდმა კვლავ გაიწვიოს ინიცირებული კანონპროექტი. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მტკიცედ ვდგავართ ევროინტეგრაციის სადარაჯოზე”, – 200-მდე ორგანიზაციის განცხადება.

საქართველოს პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმ „საქართველოს ეროვნულ პლატფორმას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, გასული წლის ოქტომბერში გაფორმდა, რითაც, პარლამენტის შეფასებით, გადაიდგა კიდევ ერთი ნაბიჯი ევრორეკომენდაციის მე-10 პუნქტის შესრულებისთვის.

მე-10 რეკომენდაცია გულისხმობდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მემორანდუმის გაფორმება ევროკავშირის მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლობის მაგალითი.