რუსული კანონის ხელახლა დაინიცირებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების მწვავე შეფასება. ერთ-ერთი პირველი, ვინც „ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკა ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსია. ის სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ „ქართული ოცნება“ ტირანიის გზას დაადგა. თემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ყოფილი ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსიც.
“როგორც ჩანს, საქართველოს მმართველი პარტია ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის. ევროკავშირსა და ამ უკანასკნელს შორის კომპრომისი არ არსებობს, რადგან დემოკრატიული კრიტერიუმები არ არის მოლაპარაკების საგანი”, – ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი.
“ქართული ოცნება თუ კოშმარი? უცხოური აგენტების კანონი რუსული დიქტატურიდან არის შემოტანილი და მოწამლავს მთელ დემოკრატიულ პროცესებს და ევროინტეგრაციას”, – ყოფილი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი.
“ეს იგივე რუსული კანონია, რომელიც ცოტა ხნის წინ უკან გაიწვიეს, რადგან ამას ქართული საზოგადოებისგან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ახლა საკითხავია, თუ რატომ შემოაქვთ ისევ უკან. შესაძლოა ეს წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდეს და ახლა პოლარიზაციის გაზრდა სჭირდებათ . გარდა ამისა ისინი ადასტურებენ, რომ არა აქვთ არანაირი წითელი ხაზი და ნებისმიერ რამეზე არიან წამსვლელები. ქართული ოცნების განცხადება სავსეა კრემლის სტილის ნარატივებით . ეს არის სიძულვილის ენა, არასამთავრონო ორგანიზაციების და ოპოზიციის მიმართ, ასევე დასავლური ინსტიტუტების მიმართ, აშშ-ის მიმართ და ა.შ . ეს რეალურად კრემლის ენაა და ამით ქართული ოცნება ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს , რის გამოც ბრიუსელში უარყოფითი რეაქცია ექნებათ”, – ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი.
“საქართველოს მთავრობა აცოცხლებს საკამათო განაცხადს, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ მედიასაშუალებებს და იმ ჯგუფების წევრებს, რომლებიც საჯარო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, უცხოური გავლენის აგენტებად ასახელებს. რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გასანადგურებლად. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა მანამდე განაცხადა, რომ საქართველოს ვერსია ამ კანონზე „შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან“ და „ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, – გამოცემა “POLITICO”.