მარტის აქციებიდან ერთი წლის თავზე „ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს | 03.04.2024

მარტის აქციებიდან 1 წლის თავზე „ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს ისევ აინიცირებს. გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა წუხელ ღამით, როსტომ მეფის სასახლეში, მოულოდნელად გამართულ შეხვედრაზე მიიღო. რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების შესახებ საზოგადოებას დღეს მამუკა მდინარაძემ ამცნო. მან ბრიფინგზე თქვა, რომ კანონპროექტი ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, როგორც შარშან. რუსული კანონის ტექსტში მხოლოდ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება.

მდინარაძემ თქვა, რომ რუსულ კანონს მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღებენ და არ გაითვალისწინებენ არავის აზრს, ვინც კანონპროექტს გააკრიტიკებს. მდინარაძე ამტკიცებს, რომ წუხელ გამართულ შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილი არ მონაწილეობდა, თუმცა მასთან კონსულტაციები გაიარეს და ოლიგარქი რუსული კანონის ხელახლა ინიცირების მომხრეა.

ოპოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აანონსებს. მდინარაძის განცხადების შემდეგ, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ივანიშვილის პარტიამ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო.

რუსული კანონის ხელახლა დაინიცირება გახდა დეპუტატებს შორის ჩხუბის მიზეზი პარლამენტის სხდომათა დარბაზში. თავდაპირველად, ერთმანეთს ალეკო ელისაშვილი და მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ. „ოცნების“ კანონპროექტის რუსულად მოხსენიების გამო კი პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციონერ კოლეგებს მიკროფონების გათიშვით დაემუქრა.

რუსული კანონის ავტორები დღეს პარლამენტში ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში რუსეთის საქმეს ოპოზიცია აკეთებს. ივანიშვილის პარტიის დეპუტატები ერთმანეთის მიყოლებით იმეორებდნენ, რომ კანონპროექტს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ.

რუსული კანონის პარლამენტში ხელახლა დაბრუნების შესახებ „ოცნების“ გადაწყვეტილებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ პარტია „ახალის“ ლიდერები. ნიკა გვარამია და ნიკა მელია ვარაუდობენ, რომ უმრავლესობა კანონპროექტის მიღებას ივნისში, ევროპის ჩემპიონატის დროს შეეცდება.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონის მიღება, თავდაპირველად, 2023 წლის მარტში სცადა. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლის, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების მწვავე პროტესტი მოჰყვა. 7 და 8 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები ივანიშვილის პარტიამ ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოიყენებით დაარბია. პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა რუსული კანონი უკან გაეწვია. მაშინ „ოცნების“ ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ, თუმცა მმართველმა გუნდმა პირობა არ შეასრულა.