“ამ თავხედურ თავდასხმაზე ერთადერთი ადეკვატური პასუხი არის – „არა რუსულ მთავრობას”! | 03.04.2024

პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. ტექსტში ნათქვამია, რომ რუსული კანონის დაბრუნება ივანიშვილის თავხედური პროვოკაციაა საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით ბრძოლას აანონსებენ.

“მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეთა თავგანწირვისა და ევროკავშირის მიერ გეოპოლიტიკური გარემოს სწორი შეფასების წყალობით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ ისტორიულ მომენტში, ქვეყანას დამატებითი დაბრკოლება შეუქმნას. ეს არის ივანიშვილის შურისძიება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ერთად ვიბრძოდით თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის, მარტის მოვლენების დროს. ეს პროვოკაცია განსაკუთრებით თავხედური და ცინიკურია იმ ფონზე, როდესაც ლაზარე გრიგორიადისი კვლავაც ციხეში პოლიტიკურ მძევლად რჩება. საქართველო ევროპაა და არასოდეს იქნება რუსეთი! მიგვაჩნია, რომ ამ თავხედურ თავდასხმაზე ერთადერთი ადეკვატური პასუხი არის „არა რუსულ მთავრობას!“. ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვება საჭიროებს ქართული საზოგადოების სრულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებას. ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. არა რუსულ რეჟიმს!” – „გირჩი — მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ განცხადება.