„ვეტინგის“ მომხრე მოსამართლეების პასუხი „ქართული ოცნებას“- “ღარიბაშვილი თავისნაირ კაცმაცუნებს იცავს” | 01.04.2024

„ვეტინგის“ მომხრე მოსამართლეების პასუხი „ქართული ოცნებას“ – უკვე რამდენიმე დღეა სამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორმა „ვეტინგის“ მომხრე სამი მოსამართლე იტალიაში წაიყვანა. ამ მოსამართლეებიდან ერთ-ერთი, ეკა არეშიძე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და წერს, რომ იტალიაში ვიზიტი მხოლოდ პირადი ხასიათის იყო. მისი თქმით, ამგვარი კამპანიის მიზანი განსხვავებული პოზიციის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციაა.

“მაოცებს ის პანიკა, რაც ჩემი და ჩემი მეგობრების იტალიაში გატარებულმა შვებულებამ გამოიწვია. მინდა დავიწყო იმით, რომ 29 მარტს გავხდი 50 წლის!! ჯერ კიდევ სექტემბერში გადავწყვიტე განსხვავებულ გარემოში შევხვედროდი ამ თარიღს. თანამოაზრეეებიც შემოვიკრიბე (ამ საკითხში), რა თქმა უნდა ჩემი მეგობრები. იმისთვის რომ ვიზიტი სასიამოვნოც ყოფილიყო და ბიუჯეტურიც, ნოემბერში შევიძინეთ ავიაკომპანია ვიზიარის ბილეთები. არ ვთვლი, რომ ვინმეს ანგარიში უნდა ჩავაბარო, სად და ვისთან ერთად დავისვენებ თუ ვიცხოვრებ. რაც შეეხება ვეტინგს, ამაზე პოზიცია საჯაროდ დავაფიქსირე, დავაზუსტებ რომ ვეტინგს არ ვეწინააღმდეგები, თუ ამის საჭიროებაა. ალიბი არ გვჭირდება. სასწავლო ვიზიტები სხვაგვარად იგეგმება და ფინანსდება, სადაც მხოლოდ მე და ჩემი მეგობრები არ დავდივართ. ეს კამპანია იმ მოსამართლეთა დისკრედიტაციას ემსახურება ვისაც განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა არ არის პრობლემა, ყოველთვის მქონდა და მექნება ჩემი აზრი და პოზიცია”, – წერს ეკა არეშიძე.

ღარიბაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე გამოეხმაურა. ის წერს, რომ ღარიბაშვილი თავისნაირ „კაცმაცუნებს“ იცავს.

“ირაკლი ღარიბაშვილი იცავს თავისნაირებს (კლანის წევრებს, ე.წ. მსხვერპლებს), აბა წესიერ ადამიანებთან არასდროს არ იქნება ამ სასაცილო კაცმაცუნას ადგილი. ცოტა ხანში მოგვთხოვს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს კომპენსაცია გადავუხადოთ და გამაჯანსაღებელი აბაზანები დავუნიშნოთ. კარგი ეს გასაგებია, მაგრამ ამ ადამიანების მსხვერპლებს რას უპირებთ ბატონო ირაკლი?” – ბესარიონ ალავიძე.

ოპოზიციაში ხელისუფლების უარს „ვეტინგზე“, შიშით ხსნიან. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში, შესაძლოა, მას სასამართლოში კლანური მმართველობა ჩამოეშალოს.

რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელდა ჩანაწერი უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომიდან. ჩანაწერით ირკვევა, რომ ე.წ. „კლანის“ უარს კეთილსინდისიერების შემოწმებაზე 2 მოსამართლე ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი არ დაეთანხმა. ამ დროისთვის, ე.წ. ვეტინგს მხარს 10-მდე მოსამართლე უჭერს, მათ შორის არიან: უზანაესი, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეები. კეთილსინდისიერების შემოწმებას, „ქართული ოცნების“ მსგავსად, ის მოსამართლეები ეწინააღმდეგებიან, რომლებსაც, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების ნაწილი, „სასამართლო კლანის“ წევრებად მიიჩნევენ.