სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს | 29.03.2024

სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ვერტმფრენი ასევე მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია.

სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა და ბორტტექნიკოსებმა თეორიული და პრაქტიკული მომზადება გერმანიაში უკვე გაიარეს. აღნიშნული ვერტმფრენი ფრანგული კომპანიის მიერაა წარმოებული და ერთ-ერთი უახლესი მოდელია. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.