ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს, უნდა გამართულიყო, გადაიდო. გრიგორიადისის პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა. ლაზარე გრიგორიადისმა სხდომაზე დისტანციურად ჩართვის სურვილი გამოთქვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განცხადებით, ეს დაშვებულია მხოლოდ მაშინ, თუ ბრალდებულს ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა აქვს, რაც ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. მოსამართლე ლაზარე გრიგორიადისის სხდომაზე გამოცხადებას ითხოვს. საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა დარჩა. მხარეების მიერ ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოცხადებას შეძლებს. ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი 8 აპრილს გაიმართება.
გრიგორიადისის ადვოკატი, ლიკა ბითაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას “აბსოლუტურად უსაფუძვლოს” და “უარგუმენტოს” უწოდებს. მისი თქმით, საპროცესო კოდექსი არსად ამბობს, რომ აუცილებელია ცნობა ჯანმრთელობის შესახებ, როდესაც ბრალდებულს დისტანციურად სურს პროცესში მონაწილეობის მიღება. ოჯახი კი დიდი ხანია საუბრობს, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.
სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.