ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი „ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ კანონპროექტს აკრიტიკებს | 28.03.2024

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი „ქართული ოცნების“ ჰომოფობიურ კანონპროექტს აკრიტიკებს. საუბარია მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ე.წ. „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. დუნია მიატოვიჩი ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან კონსტიტუციის შესწორების ინიციატივა „ლგბტი-ფობიით წინასაარჩევნო მანიპულირებაა“. მისივე თქმით, მსგავს ინიციატივას ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 25 მარტს წარადგინა. ე.წ. „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ცვლილებათა პროექტის მიღების შემთხვევაში ე.წ. პროპაგანდის აკრძალვის საბაბით ლგბტ პირთა უფლებები შეიზღუდება. კანონპროექტით, აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“. აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა; არასრულწლოვანის შვილად აყვანა კი ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს შეეძლება. „ოცნების“ პროპაგანდისტული კანონპროექტი უკვე გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალმა“.