საქართველო ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობს — ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს | 27.03.2024

ისტორიაში პირველად საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა და გერმანიაში, ევრო 2024-ის ფინალურ ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტი მატჩი, თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართა. თამაშის ძირითადი და სათადარიგო დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი კი საბოლოოდ პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 4:2 გაიმარჯვეს.

ევრო 2024-ის ფინალურ ნაწილში საქართველოს ნაკრები ჯგუფში პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და თურქეთთან ერთად იქნება. ევროპის ჩემპიონატის მატჩები გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება. ევრო 2024-ს ათი ქალაქი უმასპინძლებს: ბერლინი, დორტმუნდი, დიუსელდორფი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი, ჰამბურგი, კიოლნი, ლაიფციგი, მიუნხენი და შტუტგარტი.