დღეს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ მატჩს გამართავს. ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში საქართველოსა და საბერძნეთის მატჩს 52 000 გულშემატკივარი დაესწრება. ქსელში გაშვებიდან რამდენიმე საათში ყველა ბილეთი გაიყიდა.
გადამწყვეტ მატჩამდე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და თქვა რომ ეცდებიან, ისევე როგორც ლუქსემბურგთან, ახლაც საუკეთესოდ ითამაშონ.
საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 მარტს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, მეტროსა და ავტობუსების გარკვეული მარშრუტების მუშაობის დრო გახანგრძლივდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტრო მუშაობას ღამის 00:00-ის ნაცვლად, 27 მარტის 02:00 საათზე დაასრულებს. სამუშაო საათები გაეზრდებათ ფონიჭალის, გლდანის, მუხიანის, თემქის, დიღმის მასივის, დიდი დიღმის, აეროპორტის, კრწანისის, მთაწმინდის, ავლაბრის, საბურთალოსა და ვაკისკენ მიმავალ ავტობუსებს. თბილისის მერიის ორგანიზებით გულშემატკივრებს მატჩის ყურება რესპუბლიკის მოედანზეც შეეძლებათ. თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ გულშემატკივრებს ადგილზე მისვლა 19:00 საათიდან შეეძლებათ.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრები ანგარიშით 2:0, 21 მარტს დაამარცხა და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა. შეხვედრაში გამარჯვებული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.