„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი. ინფორმაცია პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან თქვა, რომ თუ პრეზიდენტი, ვეტოს დაძლევის მიუხედავად, “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ხელს არ მოაწერდა, ამას თავად გააკეთებდა.
“დღეს ხელი მოვაწერე “საარჩევნო კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში “19 აპრილის შეთანხმების” მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე. საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე მოქმედი რეგულაცია – ხმების 2/3-ით ცესკოს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სათადარიგო თავმჯდომარედ გამწესება – არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უცნაური წესი არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა, რომელმაც ფაქტია, რომ არ იმუშავა და ვერც იმუშავებდა, მით უმეტეს მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ დროში. ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია ამ ჩიხურ სიტუაციას არჩევნების შედეგების არაღიარების საბაბად გამოიყენებდა. კანონი რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს. ეს აქსიომაა. ხოლო კანონი, რომლის მიერ შექმნილმა ჩიხმა შეიძლება რადიკალიზმი წაახალისოს და ქვეყანა დააზიანოს, უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება მალე. მიუხედავად “19 აპრილის შეთანხმების” ანულირებისა, ჩვენ, მაინც, თითქმის სამი წელი მივეცით ამ ექსპერიმენტულ რეგულაციას, იმისთვის რომ ემუშავა. თუმცა, მოახლოებული არჩევნების წინ ფუჭ ექსპერიმენტებს ვერ დავუშვებთ. ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მოგვანიჭა”, – შალვა პაპუაშვილის განცხადება.
საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო 5 მარტს დაადო. კრიტიკისა და პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 19 მარტს დაძლია. მიღებული კანონის მიხედვით, იზღუდება პრეზიდენტის როლი – კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს ასევე პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს. ცვლილებებით გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს. ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით, თუმცა არსებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა.