რა დაგიშავეს ემიგრანტებმა? – ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში | 22.03.2024

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ხმაურის ფონზე წარიმართა.

სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც სხდომათა დარბაზში იკითხა, „რას ერჩის ხელისუფლება ემიგრანტებს და რატომ არ უხსნის საარჩევნო უბნებს?
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიტყვით გამოსვლის შინაარსი სხდომათა დარბაზში უმრავლესობის ლიდერებმა გააპროტესტეს და ვაშაძეს მოღალატე და ნაძირალა უწოდეს. ვაშაძის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით „ხალხის ძალის“ დეპუტატები გამოირჩცეოდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პარლამენტში ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა. მინისტრი “ევროოპტიმისტებმა” კოლეგებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე დაიბარეს. ხელისუფლების ოპონენტების განმარტებით, საზღვარგარეთ ბევრი მოქალაქე არალეგალურად ცხოვრობს და ძირითადად ეშინიათ არჩევნებში მონაწილეობის, რადგან ფიქრობენ, რომ ეს დეპორტაციას გამოწვევს. დეპუტატებს აინტერესებს რას აკეთებს ამ მხრივ სამინისტრო.

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად სამინისტროს ძალისხმევისა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის აქტივობა დაბალია. მინისტრი განმარტავს, რომ უცხოეთში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი.

მინისტრმა უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატების კითხვას, უწარმოებია თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია ან გაუკეთებია თუ არა აქამდე განცხადება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ჩართვა მათ სამართლებრივ მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის და არის თუ არა გეგმაში ამგვარი კამპანიის წარმოება. დარჩიაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები დაასახელა და განაცხადა რომ „სამინისტრო კვლავ გეგმავს მოქალაქეებისთვის ანალოგიური შესაძლებლობის შექმნას“.