ეხმარება თუ არა „ოცნება“ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში — რა კადრები ვრცელდება ენგურის ხიდიდან | 22.03.2024

ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში — „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების საიდუმლო გადაადგილების შესახებ იუწყება. არასამთავრობო ორგანიზაციის საკონტაქტო პირების ინფორმაციით, მანქანების ნაწილი ენგურის ხიდამდე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის მანქანებმა მიაცილეს. მათივე ინფორმაციით, სატვირთო მანქანები ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოსკოვის დროით 19:00 საათის შემდეგ კვეთდნენ, როცა რუსული და აფხაზური მხარის მიერ მოძრაობა ყველა სხვა მოსარგებლისთვის აკრძალულია.

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საკონტაქტო პირების ინფორმაციით, გასულ კვირას გალის რეგიონში ენგურს გაღმა საქართველოს მიმართულებით და უკან, რუსულ ნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა. მანქანების ნაწილს ენგურის ხიდამდე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის (ე.წ. გაის) მანქანები აცილებდნენ. გარდა ამისა, სატვირთო მანქანები ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტს მოსკოვის დროით საღამოს 7 საათის შემდეგ კვეთდნენ, მას შემდეგ, რაც რუსული და აფხაზური მხარის მიერ მოძრაობა ყველა სხვა მოსარგებლისთვის, უპირველეს ყოვლისა, გალის რეგიონის მაცხოვრებლების აკრძალულია. აფხაზეთის დე ფაქტო და რუსეთის უშიშროების სამსახურები ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჩხრეკენ იმის გამოსარიცხად, რომ მათ ამ სატვირთო მანქანების მოძრაობა ფოტო და ვიდეო მასალაზე არ აღუბეჭდავთ”, – DRI სანქციების შესაძლო გვერდის ავლაზე.

ენგურის ხიდზე სატვირთო მანქანების გადაადგილების შესახებ 9 მარტს ვიდეომასალა გაავრცელა აფხაზურმა ტელეგრამარხმა RESPUBLICA-მ.

„რამდენიმე დღის წინ საქართველოდან სატვირთო მანქანები (მოხსნილი ნომრებით) შემოვიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ეს ტვირთი საქართველოში წაიღეს. რა სახის სტრუქტურებია ეს და რა მიზნებისთვის, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ ერთი რამ ცნობილია, რომ მთელი ეს „საიდუმლო“ ოპერაცია ჩვენი ხელისუფლების მონაწილეობით განხორციელდა. ეს კადრები გადაღებულია დილით ადრე ქალაქ გალში“, – ნათქვამია აფხაზური ტელეგრამარხის შეტყობინებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს გავლით რუსეთში აკრძალული კომპონენტების შესაძლო შეტანაზე საუბრობენ. 29 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველო რუსეთის მეზობელ იმ ქვეყნებს შორის დაასახელეს, საიდანაც შესაძლოა ამერიკული ტექნოლოგიები ოკუპანტ ქვეყანაში ხვდებოდეს. სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა მაშინ კოლეგებს უთხრა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას გადასცა ფოლდერი, რომლითაც ირკვევა, რომ რუსეთისთვის ამერიკული ტექნოლოგიების მიწოდებაში საქართველოც არის ეჭვმიტანილი. კიდევ ერთმა სენატორმა, რონ ჯონსონმა კი განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ტექნიკაში დასავლური ქვეყნის კომპონენტი 70%-ზე მეტია. მისი თქმით, ჩანს, რომ არასანქცირებული ქვეყნები: სომხეთი, ფინეთი, საქართველო, ყაზახეთი და თურქეთი, აშშ-დან კომპონენტების იმპორტს ლეგალურად ახდენენ და შემდეგ, პირდაპირ ან ირიბად მათ ექსპორტს რუსეთში ახორციელებენ.