ევროკავშირი საქართველოს პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს. ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველ სამუშაო დღეს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ საბჭო უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების ჩარჩო დოკუმენტების სწრაფად მიღებას მხარს უჭერს. გარდა ამისა, ევროპულმა საბჭომ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებაც მიიღო. ამ ფონზე, სამიტის დასკვნაში საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ ის წერია, რომ საბჭო მხედველობაში იღებს ქვეყნის მიმდინარე ძალისხმევას და მას პრიორიტეტულ რეფორმებში წინსვლისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირი ასევე გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძირის გამოთხრისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების შედეგად და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად. ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს მუდმივ ძალისხმევას და მოუწოდებს ქვეყანას პროგრესისკენ განსაკუთრებით პრიორიტეტული რეფორმების მხრივ.
ევროკავშირის დღევანდელი დასკვნა სამართლიანად მძიმეა: უკრაინის და მოლდოვას პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე მთელი პარაგრაფი ეთმობა, საქართველოს – ერთი წინადადება და ისიც კრიტიკული: მოწოდება, განახორციელოს რეფორმები.
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტი იმართება. ისინი ევროპულ საბჭოში სხვადასხვა საკითხს განიხილავენ. ლიდერები ძირითად აქცენტს უკრაინაში მიმდინარე ომზე აკეთებენ.