საქართველოდან ისრაელში დაავადებული ემბრიონების შეტანის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ისრაელის სამართალდამცავ ორგანოებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს. ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა. ისრაელის პოლიციის მტკიცებით ემბრიონები, რომლებიც გენეტიკურ დეფექტს შეიცავდნენ, ქვეყანაში საქართველოდან შეიტანეს. ამ საქმეზე თელ-ავივში ორი ექიმი უკვე დააკავეს, რომლებიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ გამოძიება თაღლითობასა და მძიმე დაავადების გავრცელებას ედავება. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან გაგზავნილი ემბრიონები ჰემოფილია B-ის გენს შეიცავდა. საკვლევი მასალები მიუნხენის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. სუროგაციის ცენტრი, რომელიც ამ საქმეში ფიგურირებს, ბათუმში მდებარეობს და საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურამ სწორედ ამ კლინიკაში ჩაატარა.