რატომ ვერ დააინიცირა „ქართულმა ოცნებამ“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუცი | 20.03.2024

რატომ ვერ დააინიცირა „ქართულმა ოცნებამ“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუცია. ივანიშვილის პარტია ქართულ ოპოზიციას და უკრაინის დელეგაციას ადანაშაულებს. თუმცა, ირკვევა, რომ რეზოლუციის ჩავარდნის მიზეზი არასაკმარისი ხმები გახდა. კონკრეტულად კი საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საჭირო 10 ხმა ვერ მოაგროვა. ამის შესახებ საუბრობენ „ოცნების“ ბრალდებების მთავარი ადრესატებიც. მათ შორის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი და უკრაინის დელეგაციის წევრი ვოლოდიმირ არიევი.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას „ოცნების“ დეპუტატების გარდა, 4 ოპოზიციონერი კოლეგაც წარმოადგენდა. ერთ-ერთი მათ შორის, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძეა. ის „ქართულ ოცნებას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რეზოლუციის ვერ დაინიცირება მხოლოდ ივანიშვილის პარტიის ბრალია.

„ქართული ოცნება“ კი ისევ ამტკიცებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით მათ მიერ შემუშავებული რეზოლუცია ქართული ოპოზიციის და უკრაინის დელეგაციის გამო ვერ დაინიცირდა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათ რეზოლუციას მხარი მხოლოდ მოლდოვას დელეგაციის წევრებმა დაუჭირეს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციას მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში როგორც მმართველი უმრავლესობის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შედიან.