ოჩამჩირიდან ახალი კადრები ვრცელდება — გახდება თუ არა სამხედრო-საზღვაო ბაზა უკრაინის სამიზნე | 20.03.2024

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს — ფოტო და ვიდეო მასალას ანტისაოკუპაციო მოძრაობა ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ პორტი, რომელიც რუსეთმა სამხედრო გემებისთვის უნდა გამოიყენოს, თითქმის, აშენებულია. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ მალე ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო გემები გამოჩნდებიან და ტერიტორია უკრაინის შეიარაღებული ძალების ლეგიტიმური სამიზნე გახდება.

გახდება თუ არა ოჩამჩირის პორტი უკრაინული რაკეტების სამიზნე. თემასთან დაკავშირებით განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე 2023 წლის 24 ოქტომბერს გააკეთა. ზელენსკიმ მაშინ თქვა, რომ რუსები ყირიმიდან გარბიან, რადგან ამ ეტაპზე ოკუპანტებს აღარ აქვთ არც ერთი უსაფრთხო ლოგისტიკური მარშრუტი არც ყირიმზე და არც შავი ზღვისა და აზოვის სანაპიროების ოკუპირებულ ნაწილებზე. ზელენსკის თქმით, ამის გამო პუტინი იძულებული გახდა თავისი შავი ზღვის ფლოტის ნარჩენები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეტანა, თუმცა უკრაინა მის გემებს ყველგან მისწვდება.

მანამდე ოჩამჩირის პორტში რუსული შავი ზღვის ფლოტის განლაგების შესახებ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმაც ისაუბრა. მან თქვა, რომ რუსეთის ფედერაციის აქტივობის გასანეიტრალებლად სამხედრო ხომალდების განადგურება აუცილებელია, რადგან ეს ხომალდები იმ ფრთოსან რაკეტებს ატარებენ, რომლებიც შემდგომ უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდების მუდმივი ბაზირების პუნქტის გახსნა იგეგმება, 2023 წლის 5 ოქტომბერს გახდა ცნობილი. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 4 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსულ გაზეთ „იზვესტიას“ განუცხადა. ბჟანიამ თქვა, რომ რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება გააფორმეს და რუსული სამხედრო საზღვაო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება.