საგარეო უწყება – ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას | 18.03.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს, და სრულად უგულებელყოფს გაერო-ს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი არჩევნების ჩატარება უკანონოა ოკუპაციის ფონზე, რაც დადგენილია მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებით,  და იმ პირობებში, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების განხსნას ევროკავშირის ოფისი უკანონოდ მიიჩნევს. ეს შეფასება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს, სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.

„ევროკავშირი რჩება სრულად ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – წერია ევროკავშირის ოფისის განცხადებაში.