ნატო-ს გენმდივნის ვიზიტი და შეხვედრები თბილისში – იენს სტოლტენბერგის გზავნილები | 18.03.2024

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო. იენს სტოლტენბერგი და ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიის წინაშე განცხადებებით გამოვიდნენ. პრემიერის თქმით, აფასებს ნატო-ს გენერალური მდივნის სრულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოხარულია, რომ გენერალურ მდივანთან კიდევ ერთხელ განიხილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. პრემიერი მიიჩნევს, რომ ნატო კვლავ რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად.

ერთობლივ ბრიფინგზე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს რეფორმები.

პრემიერთან შეხვედრის შმედეგ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან გამართა აუდიენცია. იენს სტოლტენბერგმა საპატიო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფრომაციით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რუსეთის აგრესიას და საერთაშორისო პარტნიორებისა და თანამეგობრობის მხრიდან უკრაინის მიმართ სოლიდარობის მნიშვნელობას. უკრაინის ომისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო რეგიონში გაზრდილი საფრთხეების ფონზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე, ბიჭვინთის აგარაკების, ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სოხუმის აეროპორტის საკითხზე.

იენს სტოლტენბერგს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე დახვდნენ. სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. ხოლო ხვალ ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.